Saturday, December 15, 2018
Home > ვიდეოები > საერთაშორისო აქტები – პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები

საერთაშორისო აქტები – პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები

პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები

მიღებულ იქნა 1955 წელს ჟენევაში გამართულ გაეროს პირველ კონგრესზე, რომელიც ეძღვნებოდა
დანაშაულის პრევენციას და სამართალდამრღვევებტან მოპყრობას, დამტკიცებულ იქნა
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 1957 წლის 31 ივლისის 663 C (XXIV) რეზოლუციით და
1977 წლის 13 მაისის 2076 (LXII) რეზოლუციით

წინასწარი შენიშვნები
წესი 1.
წინამდებარე წესები არ ისახავს მიზნად პენიტენციურ დაწესებულებათათა სანიმუშო სისტემის
აღწერას. მათი ამოცანაა, რომ თანამედროვე აზროვნებისა და დღესდღეობით არსებულ ყველაზე
დამაკმაყოფილებელ სისტემათა ძირითადი ელემენტების საფუძველზე წამოაჩინოს ის, რაც
პატიმრებთან მოპყრობის საკითხში საყოველთაოდ აღიარებულია სწორად და პრინციპულად
წესი 2.
სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული პირობების განსხვავებათა
გათვალისწინებით, შეუძლებელია აღნიშნული წესების გამოყენება უკლებლივ ყველა რეგიონში.
მიუხედავად ამისა, ისინი უნდა ეხმარებოდნენ იმ პრაქტიკული სიძნელეების გადალახვაში,
რომლებიც ხელს უშლის წესების ცხოვრებაში გატარებას, რამდენადაც წესები წარმოადგენენ
მინიმალურ პირობებს, რომლებიც მისაღებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის
წესი 3.
მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ისეთ სფეროსთან, სადაც ადამიანის აზრი მუდამ წინ მიისწრაფვის.
წესები არ გამორიცხავს ისეთი ცდებისა და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას, რომლებიც
მიმართული იქნება წესებში დასახული მიზნების მისაღწევად და არ ეწინააღმდეგება იქ
დაფიქსირებულ პრინციპებსა და მიმართულებებს. ამ პირობის გათვალისწინებით, ციხის
ცენტრალური სამმართველოსათვის შეიძლება დასაშვები იყოს წესებიდან გადახვევა.
წესი 4.
(1) წესის 1 ნაწილი ეხება დაწესებულებათა ზოგად მართვას და გამოიყენება ყველა კატეგორიის
პატიმართა მიმართ, მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი პატიმრობაში იმყოფება სისხლის
სამართლის თუ სამოქალაქო დანაშაულის გამო, ბრალდებულია იგი თუ მსჯავრდებული. წესი
ეხება ისეთ პატიმრებსაც, რომლებიც ექვემდებარებიან მოსამართლის მიერ დანიშნულ
„უსაფრთხოების ზომებს’’ან გამოსასწორებელ ღონისძიებებს
(2) მე–2 ნაწილში განხილული წესები გამოიყენება ყველა დანარჩენ ნაწილში მოხსენიებული
განსაკუთრებული კატეგორიების მიმართ, თუმცა ‘’ა’’ ნაწილში მოხსენიებული წესები, რომლებიც
ეხება მსჯავრდებულებს, თანაბრად უნდა იქნას გამოყენებული იმ კატეგორიის პირთა მიმართაც,
რომლებზეც საუბარია „ბ“, „გ“ და „დ“ ნაწილებში, იმ შემთხვევაში თუ ეს არ ეწინააღმდეგება
აღნიშნული კატეგორიის პატიმრებისათვის შემუშავებულ წესებს და აუმჯობესებს ამ
უკანასკნელთა მდგომარეობას.
წესი 5.
(1) წესები არ ისახავს მიზნად არასრულწლოვანთა ისეთი დაწესებულების მართვის
რეგლამენტირებას, როგორიც არის ბორტსალის დაწესებულება ან გამოსასწორებელი სახლები.
მიუხედავად ამისა, ნაწილი I შეიძლება გამოყენებული იყოს ასეთ დაწესებულებებშიც.
(2) არასრულწლოვანი პატიმრების კატეგორიას უნდა განეკუთვნებოდეს ყველა ახალგაზრდა
დამნაშავე, რომელიც ექვემდებარება არასრულწლოვანთა სასამართლოების კომპეტენციას.
როგორც წესი, ასეთი ახალგაზრდების მიმართ თავისუფლების აღკვეთის ზომად პატიმრობა არ
უნდა გამოიყენებოდეს.
პირველი ნაწილი
წესები ზოგადი გამოყენებისათვის
ძირეული პრინციპები
წესი 6.
(1) აუცილებელია ქვემოთ მოყვანილი წესების მიუკერძოებლად გამოყენება. დაუშვებელია
დისკრიმინაცია რასობრივი, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა
მოსაზრებების, ეროვნული და სოციალური წარმომავლობის, ოჯახური წარმოშობის, ქონებრივი
მდგომარეობის ან სოციალური სტატუსის საფუძველზე.
(2) მეორე მხრივ აუცილებელია მოსახლეობის ამა თუ იმ დაჯგუფების წარმომადგენელ პატიმართა
რელიგიური მრწამსისა და მორალური ღირებულებების პატივისცემა.
რეგისტრაცია
წესი 7.
(1)პატიმრობის ადგილებში უნდა არსებობდეს რეესტრი აკინძული ჟურნალის სახით, რომელშიც
გვერდები დანომრილია და სადაც შეტანილ უნდა იქნას თითოეული პატიმრის შესახებ შემდეგი
სახის ინფორმაცია:
(ა) მონაცემები პიროვნების შესახებ
(ბ) მისი პატიმრობის მიზეზები და ხელისუფლების წარმომადგენელი იმ ორგანოს
დასახელება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება თავისუფლების აკვეთის შესახებ.
(გ)პატიმრის ციხეში შესვლის და გასვლის დღე და საათი.
(2) პატიმრის ციხეში მიღება დაუშვებელია პატიმრობის შესახებ მოქმედი ბრძანების გარეშე.
ამგვარი ბრძანების დეტალები წინასწარ უნდა იყოს შეტანილი რეესტრში.
წესი 8.
პატიმრების სხვადასხვა კატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება განცალკევებულ
დაწესებულებებში ან ერთი და იგივე დაწესებულების სხვადასხვა ნაწილში მათი სქესის, ასაკის,
წინა ნასამართლობის, მათი დაპატიმრების იურიდიული მიზეზებისა და მათთან
რეკომენდირებული მოპყრობის გათვალისწინებით:
(ა)მამაკაცები და ქალები შეძლებისდაგვარად უნდა განთავსდნენ განცალკევებულ
დაწესებულებაში.
(ბ) თუ მამაკაცები და ქალები მოთავსებულნი არიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში, ქალები
უნდა განთავსდნენ ცალკე ;
(გ) ბრალდებულები უნდა განთავსდნენ მსჯავრდებულებისგან განცალკევებულად;
(დ)გადაუხდელი ვალის გამო ან სხვა სამოქალაქო საქმეებზე დაპატიმრებული პირები უნდა
განთავსდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისაგან განცალკევებით;
(ე)არასრულწლოვანი პატიმრები განთავსებულ უნდა იქნან სრულწლოვანი პატიმრებისგან
განცალკევებით.
წესი 9.
(1) იქ , სადაც პატიმრები ათევენ ღამეს, საკნებში თუ ოთახებში, ყოველ მათგანს უნდა ჰქონდეს
ცალკე საკანი ან ოთახი.
(2) იქ, სადაც არის საერთო საკნები, მათში მოთავსებული პატიმრების შერჩევა უნდა ხდებოდეს
ძალიან გულდასმით, რათა ეჭვგარეშე იყოს რომ მათ შეუძლიათ ასეთ პირობებში ერთად
ცხოვრება.ღამ-ღამობით უნდა მიმდინარეობდეს დაწესებულების ხასიათთან შესაბამისი მუდმივი
ზედამხედველობა.
წესი 10.
ყველა ადგილი ,რომლითაც სარგებლობენ პატიმრები, განსაკუთრებით ყველა საძინებელი ოთახი,
სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ მოთხოვნებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა
მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით ამ ოთახების სიმაღლეს, მინიმალურ ფართობს,
განათებას და ვენტილაციას.
წესი 11.
დაწესებულებებში, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ პატიმრები:
(ა) ფანჯრები უნდა იყოს საკმარისი ზომის იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და
მუშაობა დღის შუქზე და უნდა იყოს ისე კონტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა ჰაერის
მიწოდება იმისდა მიუხედავად არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა.
(ბ) ხელოვნური განათება საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და
მუშაობა მხედველობის გაუარესების საფრთხის გარეშე.
წესი 12 .
სანიტარული მოწყობილობები საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ თითოეულმა პატიმარმა
შეძლოს თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყობილება მაშინ, როდესაც ეს მას სჭირდება
სისუფთავისა და წესიერების პირობებში.
წესი13.
საბინაო მოწყობილობანი და შხაპების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის რომ ყოველ
პატიმარს შეეძლოს და იყოს ვალდებული იბანაოს ან მიიღოს შხაპი შესაბამის ტემპერატურაზე
(კლიმატის მიხედვით) და ისეთი სიხშირით როგორც ამას მოითხოვს ჰიგიენის საერთო პირობები,
წლის პერიოდისა და გეოგრაფიული რაიონის გათვალისწინებით, ანუ ზომიერი კლიმატის
პირობებში- კვირაში ერთხელ მაინც.
წესი14.
დაწესებულების ყველა იმ ნაწილში რომლითაც პატიმრები რეგულარულად სარგებლობენ, უნდა
იყოს სათანადო წესრიგი და განსაკუთრებული სისუფთავე
წესი 15.
პატიმრებს მოეთხოვებათ, რომ ყოველთვის იყვნენ სუფთად, ამისათვის საჭიროა მათი მომარაგება
წყლით და პირადი ტუალეტისათვის საჭირო ისეთი ნივთებით, რომლებიც აუცილებელია
სისუფთავისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
წესი16.
იმისათვის რომ პატიმრებმა შეძლონ ისეთი გარეგნული იერის შენარჩუნება, რომელიც თავსებადი
იქნება ადამიანურ ღირსებასთან, მათ უნდა მიეცეთ საშუალება იზრუნონ თავიანთ
ვარცხნილობაზე და სურვილის შემთხვევაში ჰქონდეთ რეგულარულად გაპარსვის საშუალება.
წესი 17.
(1) პატიმრებს, რომლებსაც არა აქვთ სამოქალაქო ტანსაცმლის ტარების უფლება, უნდა მისცენ
სპეციალური ტანისამოსი,რომელიც შეესაბამება მოცემულ კლიმატს დ ახელს შეუწყობს მათი
ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ეს ტანსაცმელი არ უნდა
ატარებდეს შეურაცხმყოფელ ან დამამცირებელ ხასიათს.
(2)ტანსაცმელი უნდა ინახებოდეს სუფთად და მოწესრიგებულად. რეცხვა და თეთრეულის გაცემა
უნდა ხდებოდეს ჰიგიენის მოთხოვნის შესაბამისად.
(3) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი ხელისუფლების წარმომადგენელთა
ნებართვით ტოვებს დაწესებულებას, მას უნდა დაერთოს საკუთარი ან სხვა ისეთი ტანსაცმლის
ჩაცმის ნება, რომელიც არ იქნება თვალშისაცემი.
წესი 18.
თუ პატიმრებისათვის ნებადართულია სამოქალაქო ტანსაცმლის ტარება, მათი საპასპორტოში
შეყვანის მომენტშივე მიღებულ უნდა იქნას ზომები, რათა ტანსაცმელი იყოს სუფთა და
ტარებისთვის შესაფერისი.
წესი19.
ყოველი პატიმარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცალკე საწოლით ადგილობრივი და ეროვნული
ნორმების შესაბამისად, აგრეთვე ცალკე თეთრეულით, რომელიც გაცემის მომენტში უნდა იყოს
სუფთა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით ხშირად იცვლებოდეს.
კვება
წესი 20.
(1)ციხის მმართველობამ ყოველი პატიმარი უნდა უზრუნველყოს ჩვეულ საათებში ისეთი საკვებით,
რომელიც იქნება საკმარისად კარგი ხარისხის, კარგად დამზადებული და მიწოდებული და
აგრეთვე, საკმარისად ნოყიერი, ძალების აღსადგენად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
(2) სასმელი წყალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყოველი პატიმრისათვის ნებისმიერ დროს ,
შეუზღუდავი რაოდენობით.
წესი 21.
(1) იმ პატიმრებს ,რომლებიც არ არიან დასაქმებული სუფთა ჰაერზე, გააჩნიათ მინიმუმ ერთი
საათით მაინც ეზოში სათანადო ფიზიკური ვარჯიშის უფლება, თუ ამას ამინდი უწყობს ხელს.
(2) სათანადო ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი და სხვა პატიმრები
უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ფიზიკური ვარჯიშის დროს – თამაშის შესაძლებლობით.
მისათვის საჭიროა სათანადო მოედნების, დანადგარებისა და ინვენტარის არსებობა.
წესი 22.
(1)ყველა დაწესებულებას უნდა ჰყავდეს ერთი ისეთი კვალიფიციური მედიცინის მუშაკი მაინც,
რომელსაც ფსიქიატრიაშიც ექნება განათლება. საჭიროა სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
ჯანდაცვის ადგილობრივ ან სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტში. იგი უნდა მოიცავდეს
ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკურ სამსახურებს და, სადაც ეს აუცილებელია, ფსიქიურად
დაავადებულთა მკურნალობას.
(2)ავადმყოფი პატიმრები, რომლებსაც სპეციალისტთა ყურადღება ესაჭიროებათ, უნდა
გადაიყვანონ სპეციალურ დაწესებულებებში ან სამოქალაქო საავადმყოფოში. ციხის
საავადმყოფოებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისთვის და მათი
მკურნალობისათვის საჭირო დანადგარები, პრეპარატები და მედიკამენტები, აგრეთვე საკმარისად
კვალიფიციური პერსონალი.
(3) თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს კვალიფიციური
სტომატოლოგის მომსახურებით.
წესი 23.
(1) ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში უნდა იყოს ცალკე სათავსოები ფეხმძიმე და მშობიარე
ქალების მოსავლელად, იქ, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშობიარობა
მოხდეს არა ციხის, არამედ სამოქალაქო ჰოსპიტალში. თუ ბავშვი იბადება ციხეში, ეს არ უნდა იყოს
მოხსენიებული ბავშვის დაბადების მოწმობაში.
(2) იქ, სადაც პატიმარ დედებს უფლება აქვთ დაიტოვონ ბავშვი თავისთან, გათვალისწინებული
უნდა იყოს ბაგების შექმნა. ბაგებში უნდა მუშაობდეს კვალიფიციური პერსონალი და იქ ბავშვები
დატოვონ იმ პერიოდებში, როდესაც ისინი მოკლებულნი არიან დედის მზრუნველობას.
წესი 24.
თითოეულმა პატიმარმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება მისი საპატიმროში მოყვანისთანავე
და შემდგომშიც, საჭიროების შემთხვევაში, რათა დადგინდეს, არის თუ არა იგი დაავადებული
ფიზიკურად ან გონებრივად; უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები; უნდა მოხდეს იმ
პატიმრების იზოლირება, რომელთა შესახებ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ისინი დაავადებულნი
არიან რაიმე ინფექციური ან გადამდები დაავადებით; უნდა გამოვლინდეს ფიზიკური და
გონებრივი ნაკლოვანებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ პატიმრების გამოსწორებას.
წესი 25.
(1)პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს ექიმი, რომელიც
ყოველდღიურად უნდა იღებდეს ან ნახულობდეს ავადმყოფებს, ყველას, ვინც თავს შეუძლოდ
გრძნობს.
(2) ყოველთვის როდესაც ექიმს მიაჩნია, რომ პატიმრის ფიზიკური ან გონებრივი წონასწორობა
დარღვეულია, ან შეიძლება დაირღვეს მისი პატიმრობაში ყოფნის ან პატიმრობის სხვა პირობების
გამო, მან ამის შესახებ უნდა მოახსენოს დირექტორს.
წესი 26.
(1) ექიმი ვალდებულია, რეგულარულად განახორციელოს ინსპექტირება და ჩააბაროს ანგარიში
დირექტორს შემდეგი საკითხების შესახებ:
(ა) საკვების რაოდენობა, ხარისხი, მომზადების და განაწილების პირობები; დაწესებულებისა
და მისი კონტინგენტის ჰიგიენა და სისუფთავე;
(ბ) სანიტარული მდგომარეობა, გათბობა, განათება და ვენტილაცია დაწესებულებაში;
(გ) პატიმრების ტანსაცმლისა და საძილე ნივთების ვარგისიანობა და სისუფთავე.
(დ) ფიზკულტურასა და სპორტთან დაკავშირებული წესების დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც
ეს სამუშაო არ ეკისრება სპეციალიზებულ პერსონალს.
(2) 25 (2)-ე და 26-ე წესების შესაბამისად, დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს ექიმის მიერ
წარმოდგენილ ანგარიშებს და რჩევებს და, თუ იგი ეთანხმება ამ უკანასკნელის რეკომენდაციებს,
დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები მათი ცხოვრებაში გატარებისათვის, ხოლო თუ ეს
რეკომენდაციები სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, ან თუ იგი მათ არ ეთანხმება,
დირექტორმა ზემდგომ ორგანოებს თავის საკუთარ ანგარიშთან ერთად აუცილებლად უნდა
წარუდგინოს ექიმის რეკომენდაციებიც.
დისციპლინა
წესი 27.
დისციპლინა და წესრიგი მკაცრად უნდა იყოს დაცული, თუმცა, შემოღებულ უნდა იქნას მხოლოდ
ის შეზღუდვები, რომლებიც აუცლებელია ზედამხედველობის საიმედოობის უზრუნველსაყოფად
და დაწესებულებაში თანაცხოვრების სათანადო წესების დასაცავად.
წესი 28.
(1) არ შეიძლება, რომ პატიმრებს დისციპლინური წესით სასჯელის ფორმად დაენიშნოს საპატიმრო
დაწესებულების მომსახურება.
(2) თუმცა ამ წესმა ხელი არ უნდა შეუშალოს თვითმმართველობის სისტემის სათანადო
ფუნქციონირებას, რომლის დროსაც პასუხისმგებლობა გარკვეული სახით სოციალურ,
აღმზრდელობით ან სპორტულ საქმიანობაზე ეკისრებათ თვით პატიმრებს, რომლებიც
ზედამხედველობის ქვეშ მუშაობენ მათი გამოსწორების მიზნით შექმნილ ჯგუფებში.
წესი 29.
კანონით ან კომპეტენტური ადმინისტრაციული ხელისუფლების განკარგულებით განსაზღვრული
უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:
(ა) მოქმედება, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც გადაცდომა.
(ბ) სასჯელის სახე და ხანგრძლივობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პატიმრის
მიმართ.
(გ) ორგანო, რომელსაც აქვს სასჯელის დადების უფლება.
წესი 30.
(1) სასჯელის დადება შეიძლება მხოლოდ ასეთი კანონის ან განკარგულების შესაბამისად, ამასთან,
არ შეიძლება რომელიმე პატიმარს ერთი დარღვევისათვის დაედოს განმეორებითი სასჯელი.
(2) არც ერთი პატიმარი არ უნდა დაისაჯოს მანამ სანამ წინასწარ არ შეატყობინებენ, თუ რა
დარღვევისათვის უპირებენ დასჯას და არ მისცემენ მას თავის მართლების საშუალებას. ყოველი
ასეთი საქმე გულდასმით უნდა განიხილონ ხელისუფლების კომპეტენტურმა წარმომადგენლებმა.
(3) იქ, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია, პატიმარს უნდა მიეცეს თარჯიმნის დახმარებით
თავის დაცვის საშუალება.
წესი 31.
უნდა აიკრძალოს ფიზიკური ზემოქმედება, ბნელ საკანში მოთავსება და დასჯის სასტიკი
არაადამიანური, ადამიანის ღირსების შემლახავი სხვა საშუალებები, როგორც დისციპლინური
დარღვევის აღმკვეთი ღონისძიებები.
წესი 32.
(1) სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს ტუსაღობის მკაცრ სახეს ან კვების რაციონის შემცირებას,
შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პატიმრის სამედიცინო შემოწმების შემდეგ ექიმის მიერ,
რომელმაც წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ პატიმარს შეუძლია ასეტი სასჯელის გადატანა.
(2) იგივე ეხება სხვა სახის სასჯელებსაც, რომელმაც შეიძლება პატიმარს ფიზიკური ან
ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს. ასეთი სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა
ეწინააღმდაგებოდეს 31-ე წესის დებულებებს და არ უნდა წარმოადგენდეს მისგან გადახვევას.
(3) ექიმმა ყოველდღიურად უნდა მოინახულოს ის პატიმრები, რომლებსაც მისჯილი აქვთ
სასჯელის ასეთი ზომა და, თუ პატიმრის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით თვლის, რომ სასჯელი უნდა შეწყდეს ან შეიცვალოს, საკუთარი მოსაზრება
ციხის დირექტორს უნდა შეატყობინოს.
ბორკილები და დამორჩილების სხვა საშუალებები
წესი 33.
(1) სასჯელის სახით არასოდეს არ უნდა იქნას გამოყენებული დამორჩილების ისეთი საშუალებები,
როგორიცაა ხელბორკილები, ბორკილები, დამაწყნარებელი პერანგები ან ჯაჭვები. გარდა ამისა,
დამორჩილების საშუალებებად ბორკილებისა და ჯაჭვების გამოყენება საერთოდ არ შეიძლება.
თუმცა დამორჩილების საშუალებების გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნებისთვის:
(ა) პატიმრების ტრანსპორტირებისას გაქცევის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ
პატიმარ გათავისუფლდება ბორკილებისგან, როგორც კი მას წარადგენენ სასამართლო ან
ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე.
(ბ) სამედიცინო ხასიათის მიზნების გამო ან ექიმის მითითებით;
(გ) დირექტორის ბრძანებით, როდესაც სხვა ზომები უშედეგო აღმოჩნდება და როდესაც პატიმარს
ხელი უნდა შეუშალონ საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ზიანის ან მატერიალური ზარალის
მიყენებაში; ასეთ შემთხვევებში დირექტორი მოვალეა, რომ ექიმთან წინასწარ დაუყოვნებელი
კონსულტაციის შემდეგ მოხსენება წარუდგინოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
წესი 34.
დამორჩილების საშუალებათა გამოყენების მეთოდები და ხერხები უნდა დაადგინოს ციხის
ცენტრალურმა მმართველობამ. ამ საშუალებათა გამოყენება არ არის მიზანშეწონილი იმაზე
ხანგრძლივად, ვიდრე ამას აუცილებლობა მოითხოვს.
საჩივრები და მათი განხილვა
წესი 35.
(1) ციხეში მოხვედრილ თითოეულ პატიმარს უნდა გადაეცეს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც
ეხება მისი კატეგორიის პატიმრებთან მოპყრობის წესებს, მოცემული საპატიმროს დისციპლინურ
მოთხოვნებს, ინფორმაციის შეტანისა და გასაჩივრების ნებადართულ საშუალებებს, ასევე ყველა
სხვა საკითხს, რომელიც დაეხმარება პატიმარს კარგად გააცნობიეროს საკუთარი უფლებები და
შეეგუოს მოცემულ საპატიმროში ცხოვრების პირობებს.
(2) წერა-კითხვის არამცოდნე პატიმრებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ზეპირი ფორმით.
წესი 36.
(1) სამუშაო დღეებში თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ განცხადებით ან
საჩივრით მიმართოს საპატიმროს დირექტორს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
(2) ინსპექტირების დროს უნდა ჰქონდეთ საშუალება განცხადებით ან საჩივრით მიმართონ ციხის
ინსპექტორებს, ანუ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ ინსპექტორს ან ინსპექციის
რომელიმე სხვა წარმომადგენელს , საპატიმროს დირექტორს ან მისი სხვა თანამშრომლების
თანდასწრების გარეშე.
(3) თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება მიმართონ განცხადებით ან საჩივრით
ცენტრალურ საპატიმრო სამმართველოს, სასამართლო ხელისუფლებას ან სხვა კომპეტენტურ
ორგანოს . ეს განცხადებები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცენზურას შინაარსის თვალსაზრისით,
მაგრამ უნდა იყოს შედგენილი სათანადო ფორმით და დადგენილი წესით გაეგზავნოს
საპატიმროთა ცენტრალურ სამმართველოს, სასამართლო ხელისუფლებას ან სხვა კომპეტენტურ
ორგანოს.
(4) ასეთი განცხადებები ან საჩივრები სასწრაფოდ უნდა განიხილონ და პასუხი გასცენ ზედმეტი
დაყოვნების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ზედაპირული ან უსაფუძვლოა.
კონტაქტები ოჯახთან და მეგობრებთან
წესი 37.
აუცილებელი ზედამხედველობის პირობებში პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ
მიმოწერისა და ვიზიტების საშუალებით რეგულარული ურთიერთობა იქონიონ ოჯახებთან და
შეუბღალავი რეპუტაციის მქონე მეგობრებთან.
წესი 38.
(1) უცხოელ პატიმრებს უნდა შეექმნათ პირობები მათი ქვეყნის დიპლომატიურ ან საკონსულო
წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის.
(2) პატიმრებს, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან არიან, რომელთაც არ გააჩნათ დიპლომატიური ან
საკონსულო წარმომადგენლობა, აგრეთვე ლტოლვილებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, უნდა
ეძლეოდეთ კონტაქტების ასეთივე საშუალება იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან,
რომელიც თავის თავზე იღებს მათი ინტერესების დაცვას ან ნებისმიერ ეროვნულ ან
საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის ფუნქციებშიც შედის ასეთი პირობების დაცვა.
წესი 39.
პატიმრებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ რეგულარულად გაეცნონ ახალი ამბების ყველაზე
მნიშვნელოვან ნაწილებს, გაზეთების, პერიოდული ან სპეციალური საუწყებო პუბლიკაციების,
რადიოს, ლექციების ან სხვა ისეთი საშუალებებით, რომლებიც ნებადართული და
კონტროლირებადია ადმინისტრაციის მიერ.
წიგნები
წესი 40.
ყოველ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ბიბლიოთეკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყოველი
კატეგორიის პატიმრის მოთხოვნებს. ის უნდა იყოს ადექვატურად მომარაგებული როგორც
მხატვრული ისე სპეციალური ლიტერატურით, პატიმრებს უნდა მოუწოდონ ბიბლიოთეკის
სარგებლობისაკენ.
წესი 41.
(1)იმ დაწესებულებებში, სადაც საკმარისი რაოდენობით არიან ერთი სარწმუნოების პატიმრები,
უნდა დაინიშნოს იმ კულტის კვალიფიციური მსახური, ან მიეცეს მას იქ შესაბამისი რიტუალების
ჩატარების უფლება. თუ ამგვარი პატიმრების რიცხვი საკმაოდ დიდია და არსებობს შესაბამისი
შესაძლებლობები , ასეთი კულტის მსახური უნდა დაინიშნოს სრული განაკვთით.
(2) კულტის მსახურს, რომელიც დაინიშნება ან დაშვებული იქნება დაწესებულებაში პირველი
პუნქტის საფუძველზე, უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაატაროს რელიგიური
რიტუალები და, ამისთვის გამოყოფილ დროს, რელიგიურ თემებზე სასაუბროდ პერიოდულად
განმარტოებით შეხვდეს მისი სარწმუნოების წარმომადგენელ პირებს.
(3) არ შეიძლება პატიმრების შეზღუდვა ნებისმიერი სარწმუნოების კვალიფიციურ
წარმომადგენელთან ურთიერთობაში. მეორეს მხრივ, თუ პატიმარი აპროტესტებს კულტის
მსახურის ვიზიტებს, მისი პოზიცია სრული პატივისცემით უნდა იქნას აღქმული.
წესი 42.
შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს თავისი რელიგიური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. მას უნდა შეეძლოს დაწესებულების შიგნით
რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა და გააჩნდეს საჭირო რელიგიური ლიტერატურა.
წესი 43.
(1) ფული, ძვირფასეულობა, ტანსაცმელი და სხვა ისეთი ნივთები, რომელთა შენახვის უფლება
დაწესებულების შინაგანწესის შესაბამისად პატიმარს არა აქვს, მიღებისთანავე უნდა შეინახონ
უსაფრთხო საცავში. პატიმარმა ხელი უნდა მოაწეროს შესაბამის საინვენტარიზაციო უწყისს. ამ
ნივთების უსაფრთხო შენახვისათვის მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი ზომები.
(2) პატიმრის გათავისუფლებისას მას უნდა დაუბრუნდეს ყველა მისი ნივთი და ფული, გარდა იმ
თანხისა, რომლის დახარჯვის უფლებაც მას ჰქონდა პატიმრობის პერიოდში და იმ საგნებისა,
რომელთა დაწესებულების ფარგლებს გარეთ გაგზავნის უფლებაც ჰქონდა მას, ან, გარდა იმ
ნებისმიერი ტანსაცმლისა,რომლის განადგურებაც, ჰიგიენური თვალსაზრისიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. პატიმარმა ხელი უნდა მოაწეროს ნივთებისა და ფულის მიღების
უწყისს.
(3) იგივე შეეხება პატიმრობის პერიოდში გარედან მიღებულ ფულსა და ნივთებსაც.
(4) თუ პატიმარს აქვს რაიმე წამალი ან სამკურნალო საშუალება, ამ მედიკამენტის მომავალი ბედის
შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მედიცინის მუშაკმა.
ინფორმაცია სიკვდილის და სერიოზული დაავადების შესახებ
წესი 44.
(1) პატიმრის სიკვდილის, სერიოზული ავადმყოფობის, დაშავების ან ფსიქიკური დაავადების
მკურნალობის მიზნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში დირექტორმა
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეუღლეს (თუ პატიმარი დაქორწინებულია), უახლოეს ნათესავს ან
პატიმრის მიერ წინასწარ მითითებულ პიროვნებას მაინც.
(2) პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნებისმიერი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან
სერიოზული ავადმყოფობის შესახებ. ახლო ნათესავის კრიტიკული ავადმყოფობის შემთხვევაში,
თუ არსებულ პირობებში ეს შესაძლებელია, პატიმარს უნდა მიეცეს ავადმყოფის მონახულების
საშუალება ბადრაგის თანხლებით ან დამოუკიდებლად.
პატიმართა გადაადგილება
წესი 45.
(1)როდესაც პატიმრები მიჰყავთ მათი პატიმრობის ადგილში ან გადაჰყავთ პატიმრობის ერთი
ადგილიდან მეორეში, ისინი მაქსიმალურად უნდა მოარიდონ უცხო თვალს და მიღებულ უნდა
იქნას ყველა ზომა იმისათვის, რომ პატირები დაცულნი იყვნენ შეურაცხყოფისაგან,
ცნობისმოყვარეებისაგან და ნებისმიერი ფორმით გახმაურებისგან.
(2) აკრძალულია პატიმრების გადაადგილება არასაკმარისი ვენტილაციის ან განათების, ან სხვა
ნებისმიერ ძალზე რთულ პირობებში.
(3) პატიმრების გადაყვანა ხდება ადმინისტრაციის ხარჯზე, ხოლო მათი ტრანსპორტირება უნდა
ხორციელდებოდეს ყველასათვის ერთნაირ პირობებში.
პროფესიული უნარ-ჩვევები
წესი 46.
(1) ციხის მართვის ორგანოები უნდა იღწვოდნენ ციხის ყველა კატეგორიის პერსონალის
ყურადღებით შერჩევისთვის, რადგან ციხის კარგი მუშაობა დმოკიდებულია ამ თანამშრომლების
კეთილსინდისიერებაზე, ჰუმანურობაზე, კომპეტენტურობაზე და პირად თვისებებზე.
(2) ციხის ადმინისტრაცია თავისი თანამშრომლებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერებაში
მუდამ უნდა ნერგავდეს აზრს,რომ იგი ასრულებს დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის
სამუშაოს და ამ მიზნით უნდა იყენებდეს საზოგადოების ინფორმირების ყველა საშუალებას.
კადრების შერჩევა და მომზადება
წესი 47.
(1) პერსონალი უნდა იყოს საკმაოდ განათლებული და განვითარებული.
(2) სამუშაოზე მიღებამდე ციხის პერსონალი უნდა მომზადდეს როგორც ზოგადი, ასევე
კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდეგაც მან უნდა ჩააბაროს გამოცდები
თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში.
(3) მუშაობის დაწყების შემდეგ და დაწესებულებაში თანამშრომლობის მთელი პერიოდის
განმავლობაში პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა უნდა შეინარჩუნონ და აიმაღლონ
კვალიფიკაცია და დროის ხელსაყრელ შუალედებში, სამუშაო ადგილიდან მოწყვეტის გარეშე
გაიარონ მოსამზადებელი კურსები.
წესი 48.
ციხის ყველა თანამშრომელი უნდა იქცეოდეს ისე, რომ სამაგალითო იყოს პატიმრებისათვის და
დაიმსახუროს მათი პატივისცემა.
წესი 49.
(1) შეძლებისდაგვარად, ციხის თანამშრომელთა დასაკომპლექტებელი საშტატო ერთეულები უნდა
მოიცავდნენ სპეციალისტთა საკმაო რაოდენობას, ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ
მუშაკებს, პედაგოგებს და რაიმე ხელობის მასწავლებლებს.
(2) სოციალური მუშაკები, პედაგოგები და ხელობის მასწავლებლები უნდა ინიშნებოდნენ მუდმივ
თანამშრომლებად, ამასთან, არ უნდა იყოს უგულებელყოფილი იმ პირების სამუშაო, რომლებიც
არასრულ სამუშაო დღეს ან მოხალისეებად მუშაობენ.
წესი 50.
(1) დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდნენ პირები, რომლებიც
საკმაოდ კვალიფიციურნი არიან მათი ხასიათის, ადმინისტრაციული უნარის, მომზადებისა და
გამოცდილების მიხედვით.
(2) დირექტორი მთელ თავის სამუშაო დროს უნდა უთმობდეს მასზე დაკისრებული მოვალეობების
შესრულებას და მუშაობდეს სრულ განაკვეთზე.
(3) იგი უნდა ცხოვრობდეს ან მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების ტერიტორიაზე, ან
მასთან ახლოს.
(4) იმ შემთხვევაში, თუ კი ორ ან რამდენიმე დაწესებულებას მართავს ერთი დირექტორი, ეს
უკანასკნელი უნდა ეწვიოს ორივე დაწესებულებას განსაზღვრული დროის ფარგლებში.
ამასთანავე, სათანადოდ უფლებამოსილი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს თითოეულ
დაწესებულებას.
წესი 51.
(1) დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და შტატის სხვა მოხელეები უნდა საუბრობდნენ იმ
ენაზე, რომელიც პატიმართა უმრავლესობისათვის წარმოადგენს მშობლიურ ენას ან მათთვის
გასაგებია ზემოაღნიშნული ენა.
(2) საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თარჯიმნის დანიშვნა.
წესი 52.
(1) იმ დაწესებულებებში, რომლებშიც საშტატო განრიგით მიზანშეწონილია მთელი განაკვეთით
მომუშავე ერთი ან რამდენიმე ექიმის არსებობა, სასურველია, რომ ერთი ექიმი მაინც ცხოვრობდეს
დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს.
(2) სხვა დაწესებულებებში ექიმები რეგულარულად უნდა დადიოდნენ. ამასთან, ექიმი უნდა
ცხოვრობდეს დაწესებულებასთან საკმაოდ ახლოს, რათა ექსტრემალურ სიტუაციაში მოხერხდეს
მისი სასწრაფო გამოძახება.
წესი 53.
(1) იმ დაწესებულებებში, სადაც განთავსებულნი არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, ქალების
განყოფილება უნდა იყოს ქალი თანამშრომლების დაქვემდებარებაში. მათი კონტროლის ქვეშ უნდა
იყოს ამ განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის
განყოფილებაში შეღწევაც (ნებართვა, გასაღები და სხვ.)
(2) მამაკაცი თანამშრომლები ქალთა განყოფილებაში დაიშვებიან მხოლოდ ქალი თანამშრომლების
თანხლებით.
(3) პატიმარ ქალებზე ზრუნვა და ზედამხედველობა უნდა დაევალოს მხოლოდ ქალ
თანამშრომლებს. ამავე დროს, ეს არ უნდა უშლიდეს ხელს მამაკაც თანამშრომლებს, კერძოდ,
ექიმებსა და მასწავლებლებს, შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობები ქალთა
დაწესებულებებში ან ქალებისათვის გამოყოფილ ცალკე განყოფილებებში.
წესი 54.
( 1) პატიმრებთან ურთიერთობაში პერსონალს უფლება აქვს მიმართოს ძალისმიერ მეთოდებს
მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან გაქცევის მცდელობის შემთხვევებში, აგრეთვე, არსებულ წესებსა
და კანონებზე დაფუძნებული ბრძანებების აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გაწევისას.
თანამშრომლების მხრიდან ძალის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის
ფარგლებში. მათ აუცილებლად უნდა აცნობონ ასეთი ინციდენტების შესახებ დაწესებულების
დირექტორს.
(2) ციხის თანამშრომლებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალური ფიზიკური მომზადება, რაც
მისცემს მათ აგრესიული ზრახვების მქონე პატიმრების დაშოშმინების საშუალებას.
(3) ის თანამშრომლები, რომლებიც თავისი ფუნქციების შესრულებისას პატიმრებთან უშუალო
კონტაქტში იმყოფებიან, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ატარებდნენ იარაღს.
აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ საერთოდ, იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეთ
მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება.
ინსპექცია
წესი 55.
პენიტენციურ დაწესებულებებში და სამსახურებში უნდა ტარდებოდეს რეგულარული
ინსპექტირება კვალიფიციური და გამოცდილი ინსპექტორების მიერ, რომლებსაც დანიშნავს
კომპეტენტური ხელისუფლება. კერძოდ, ინსპექტორები ვალდებულნი არიან დარწმუნდნენ იმაში,
რომ პატიმრობის ადგილების მართვა ხორციელდება არსებული კანონებისა და განაწესების
შესაბამისად, და რომ ციხის მუშაობა შეესაბამება იმ ამოცანებს, რომლებიც დასმულია
პენიტენციურ დაწესებულებათა წინაშე.
მეორე ნაწილი
ცალკეულ კატეგორიათა მარეგულირებელი წესები
ა. მსჯავრდებულები
მთავარი პრინციპები
წესი 56.
გამომდინარე მოცემული ტექსტის 1 წინასწარი შენიშვნიდან, ქვემოთ მოყვანილ პრინციპებში
ასახულია ის სულისკვეთება, რომლითაც უნდა ხორციელდებოდეს პენიტენციური
დაწესებულებების ხელმძღვანელობა და ის მიზნები, რომელთა განხორციელებასაც ემსახურებიან
ეს დაწესებულებები.
წესი 57.
პატიმრობა და სხვა ზომები, რომლებიც სამართალდამრღვევს გარე სამყაროსაგან იზოლირებულ
პირობებში აქცევს, მას განსაცდელში აგდებს თუნდაც იმიტომ, რომ ართმევს მას თვითგამორკვევის
უფლებას. ამიტომ, ციხის სისტემამ არ უნდა გაამწვავოს აღნიშნული მდგომარეობიდან
გამომდინარე განსაცდელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სეგრეგაცია გამართლებულია, ან,
როდესაც ამას მოითხოვს დისციპლინის დაცვის აუცილებლობა.
წესი 58. ციხეში მოთავსების, ან თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი ფორმით სასჯელის
დანიშვნის მიზანი და გამართლება, საბოლოო ჯამში, არის საზოგადოების დაცვა და დაზღვევა
სახიფათო დანაშაულებისაგან. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ
სასჯელის მოხდისა და საზოგადოებაში ცხოვრების ნორმალურ წესთან დაბრუნების შემდეგ
სამართალდამრღვევი არა მხოლოდ მზად არის, არამედ უნარიც შესწევს იმისა, რომ დაემორჩილოს
კანონმდებლობას და უზრუნველყოს თავისი არსებობა.
წესი 59.
ამისათვის დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სახის
გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი, მორალური და სულიერი ძალები, დახმარების ის სახეები,
რომლებიც მიაჩნია შესაფერისად და გამოიყენოს თითოეული პატიმრის გამოსწორების
მოთხოვნების გათვალისწინებით.
წესი 60.
(1) საპატიმრო დაწესებულებაში დადგენილმა რეჟიმმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ის
განსხვავება თავისუფალ და პატიმრობის პირობებში ცხოვრებას შორის, რომელიც თრგუნავს
პატიმარში პასუხისმგებლობის გრძნობას და ადამიანის ღირსებას.
(2) სასურველია, რომ სასჯელის ვადის დასრულების წინ მიღებულ იქნას ზომები პატიმრის
თანდათანობითი დაბრუნებისათვის საზოგადოებაში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია
თითოეული სამართალდამრღვევის თავისებურების გათვალისწინებით, განსაკუთრებული
რეჟიმის შემუშავების გზით თვით ციხეში ან რომელიმე სხვა დაწესებულებაში. ასევე, პატიმრის
გათავისუფლების საცდელი ვადით, რომლის განმავლობაშიც ისინი ჯერაც ზედამხედველობის ქვეშ
იმყოფებიან, იმ პირობით, რომ ამგვარი ზედამხედველობა არ ევალება პოლიციას და იგი
შერწყმულია ეფექტურ სოციალურ დახმარებასთან.
წესი 61.
პატიმრებთან ურთიერთობა მიზნად უნდა ისახავდეს მათი საზოგადოებასთან ინტეგრირების
მცდელობას. თემის განვითარების სააგენტოებმა უნდა გამოთქვან სურვილი და შესაძლებლობა,
რათა დაეხმარონ დაწესებულების თანამშრომლებს პატიმართა სოციალურ რეაბილიტაციაში.
ყოველ დაწესებულებას უნდა გააჩნდეს ურთიერთობები სხვადასხვა სააგენტოებთან, მუშაკებთან,
რათა უზრუნველყონ პატიმართა ახლო კავშირი ოჯახის წევრებთან. გარკვეული ქმედებები უნდა
განხორციელდეს იმ მიზნით, რომ დაცულ იქნას სამოქალაქო, სოციალური დაცვისა და პატიმართა
სხვა სოციალური ინტერესები.
წესი 62.
დაწესებულების სამედიცინო სამსახურები უნდა ააშკარავებდნენ ყველა ფიზიკურ და ფსიქიკურ
დაავადებას ან ნაკლოვანებას, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ პატიმართა ხელახალ
აღზრდას და უნდა იზრუნონ მათ განკურნებაზე. ამ მიზნით დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ იმის
საშუალება, რომ უზრუნველყონ ყოველნაირი თერაპიული, ქირურგიული და ფსიქიატრიული
მომსახურება.
წესი 63.
(1) ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარება მოითხოვს პატიმრებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას
და აქედან გამომდინარე, მათი ჯგუფებად კლასიფიცირების მოქნილი სისტემის არსებობას;
ამდენად, სასურველია, რომ ამგვარი ჯგუფები განთავსებულ იქნან ცალკე დაწესებულებებში,
თითოეულ ჯგუფთან შესაფერისი მუშაობისათვის.
(2) აუცილებელი არ არის ამ დაწესებულებებში უსაფრთხოების ერთნაირი ზომების მიღება ყველა
ჯგუფისათვის. უფრო მეტიც, სასურველია ამ ზომების სიმკაცრის გრადაცია ჯგუფების მიხედვით.
პატიმრების გამოსწორების ყველაზე სასურველი პირობები არსებობს ღია ტიპის
დაწესებულებებში, სადაც გაქცევის თავიდან აცილებისათვის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება
არა ფიზიკურ საშუალებებზე, არამედ თვით დისციპლინაზე.
(3) სასურველია დაწესებულებაში განთავსდეს მხოლოდ იმდენი პატიმარი, რომ მათ მიმართ
გამოყენებულ იქნას ინდივიდუალური მიდგომა. ზოგიერთ ქვეყანაში ითვლება, რომ ამგვარი
დაწესებულებების კონტიგენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 კაცს. ღია ტიპის
დაწესებულებებში უნდა განთავსდეს რაც შეიძლება ცოტა პატიმარი.
(4) მეორეს მხრივ, ციხის ფართობი საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ იქ
უზრუნველყოფილ იქნას სათანადო შესაძლებლობები და მომსახურება.
წესი 64.
საზოგადოების მოვალეობა არ სრულდება პატიმრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. არსებობს
სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც გააჩნიათ
შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ პატიმრობიდან გათავისუფლებულ პირს იმ მიზნით, რომ მის
მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება შემცირდეს და მისი რეაბილიტაცია
განხორციელდეს.
პატიმართან ურთიერთობა
წესი 65.
თავისუფლების შეზღუდვა და სხვა აღკვეთის ღონისძიებების პიროვნებისათვის შეფარდების
მიზანია პირის რეაბილიტაცია საზოგადოებასთან, რათა იგი გახდეს კანონმორჩილი, მათთან
ურთიერთობა კი უნდა იძლეოდეს იმის საბაბს, რომ პატიმრები გაამხნევონ, აუმაღლონ ღირსება და
განუვითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა.
წესი 66.
(1) ყველა საჭირო შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული: რელიგია, განათლება, ტრეინინგი,
სოციალური დაცვა, დასაქმება, ფიზიკური განვითარება, მორალური დამოკიდებულების
განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნული უნდა შეესაბამებოდეს პატიმრის პიროვნულ ხასიათს.
ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი: პატიმრის კრიმინალური წარსული,
სასჯელის ზომა და წინასწარ განსაზღვრული პერსპექტივები მისი გათავისუფლების შემდეგ.
(2) თითოეული პატიმრის შესახებ არსებული მონაცემები რეგულარულად გადაეცემა დირექტორს.
აღნიშნული მონაცემი შეიძლება შეიცავდეს ექიმის ცნობას პატიმრის ფიზიკური და ფსიქიკური
ჯანმრთელობის შესახებ.
(3) მოხსენებები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოთავსებულია ინდივიდუალურ ფაილში.
ფაილი კლასიფიცირებულია თარიღის მიხედვით და ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერი
თანამშრომლისათვის საჭიროების შემთხვევაში.
კლასიფიკაცია და ინდივივუალიზაცია
წესი 67.
კლასიფიკაციის მიზნებია:
(ა) პატიმრის განცალკევება იმათგან, ვინც თავისი დანაშაულებრივი წარსულით ან ცუდი
თვისებებით უარყოფით გავლენას მოახდენს მასზე;
(ბ) პატიმრების კატეგორიებად დაყოფა, რაც გაადვილებს მათთან მუშაობას, საზოგადოებაში მათი
დაბრუნებისათვის მომზადების მიზნით.
წესი 68.
შესაძლებლობების ფარგლებში, პატიმრების სხვადასხვა კატეგორიებთან მუშაობა უნდა
მიმდინარეობდეს განცალკევებულად – სხვადასხვა დაწესებულებებში
წესი 69.
ყოველი პატიმრის მიღების შემდეგ, მისი ხასიათის შესწავლის საფუძველზე, უმოკლეს ვადაში
უნდა შემუშავდეს მასთან მუშაობის პროგრამა, გამომდინარე მისი ინდივიდუალური
მოთხოვნილებებიდან, შესაძლებლობებიდან და მიდრეკილებებიდან.
შრომა ციხეში
წესი 71.
(1) პატიმრების შრომა არ უნდა იყოს მათთვის წამების ტოლფასი.
(2) ყველა პატიმარი უნდა მუშაობდეს ექიმის მიერ დამოწმებული თავისი ფიზიკური და
ფსიქიკური მონაცემების შესაბამისად.
(3) პატიმრები დაკავებულნი უნდა იყვნენ სასარგებლო შრომით, რომელმაც უნდა შეავსოს
ნორმალური სამუშაო დღე.
(4) პატიმრებისთვის მიცემული სამუშაო შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ისეთი, რომ აუმაღლოს ან
მიანიჭოს მათ კვალიფიკაცია, რომელიც გათავისუფლების შემდეგ მისცემს კეთილსინდისიერი
შრომის შესაძლებლობას.
(5) სასარგებლო ხელობის სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ იმ
არასრულწლოვან პატიმრებს, რომლებიც საამისოდ დიდ მონდომებას და უნარს ამჟღავნებენ.
(6) პატიმრებს უნდა ჰქონდეთ სამუშაოს არჩევის შესაძლებლობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება
ხელობის არჩევის წესსა და დაწესებულების მართვისა და დისციპლინის მოთხოვნებს.
წესი 72.
(1) სამუშაო მეთოდები და ორგანიზება უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების ფარგლებს გარეთ
არსებულ სამუშაოს, რათა მოხდეს პატიმრების თანდათანობითი მომზადება საზოგადოებასთან
ინტეგრირებისთვის.
(2) პატიმართა ინტერესები არ უნდა იქნეს გამოყენებული დაწესებულების მიერ მატერიალური
მოგების მიღების მიზნით.
წესი 73.
(1) უმჯობესია, რომ ციხეში სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების
ხელმძღვანელობა ხორციელდებოდეს უშუალოდ ციხის ადმინისტრაციის, და არა კერძო
კომპანიების მიერ.
(2) პატიმრები, რომლებიც ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ ექვემდებარება დაწესებულების
მიერ კონტროლს, უნდა იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. იმ
შემთხვევების გარდა, როდესაც პატიმრები ასრულებენ სხვა სამთავრობო სტრუქტურების
შეკვეთას, სამუშაოს შემკვეთები ვალდებულნი არიან გადაუხადონ ადმინისტრაციის
სამუშაოსათვის გათვალისწინებული ხელფასის სრული თანხა პატიმრების მწარმოებლური
შრომის გათვალისწინებით.
წესი 74.
(1) უსაფრთხოების წესები, რომელიც ითვალისწინებს მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფას, გათვალისწინებულია ყველა დაწესებულებაში.
(2) უზრუნველყოფილია პატიმართა დაცვა სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს მიღებული
დაზიანებისაგან. აღნიშნული გათვალისწინებულია თავისუფალ მუშაკთა უსაფრთხოების
მარეგულირებელი კანონმდებლობით.
წესი 75.
(1) სამუშაო დღის ან კვირის მაქსიმალური ხანგრძლივობა დგინდება კანონით ან
ადმინისტრაციული დადგენილებების საფუძველზე, თავისუფალი მუშებისთვის კანონით
დადგენილი ადგილობრივი წესების გათვალისწინებით.
(2) სამუშაო დრო უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ პატიმრებს ჰქონდეთ კვირაში ერთი დასვენების
დღის საშუალება, სწავლისათვის და სხვა სახის საქმიანობისათვის საკმარისი თავისუფალი დრო,
რაც აუცილებელია მათი გამოსწორებისათვის.
წესი 76.
(1) პატიმრებმა უნდა მიიღონ თავისი შრომის სამართლიანი ანაზღაურება გარკვეული სისტემის
ფარგლებში.
(2) ამ სისტემის შესაბამისად, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დახარჯონ მათ მიერ
გამომუშავებული ფულის ნაწილი მაინც, რათა შეიძინონ პირადი მოხმარების კანონით დაშვებული
ნივთები და გაუგზავნონ თავისი ანაზღაურების ნაწილი ოჯახს.
(3) ეს სისტემა ასევე უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ პატიმრის მიერ გამომუშავებული ფულის
ნაწილი შესანახად მიეცეს ადმინისტრაციას, რომელიც გადასცემს პატიმარს ამ თანხას მისი
გათავისუფლებისას.
განათლება და კულტურული საქმიანობა
წესი 77.
(1) იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაშვებულია, პატიმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შემდგომი
განათლების მიღების შესაძლებლობით, რელიგიური განათლების ჩათვლით. წერა-კითხვის
უცოდინართა და არასრულწლოვანთა განათლება სავალდებულო უნდა იყოს და ციხის მართვის
ორგანოებმა ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
(2) პატიმრების განათლება შეძლებისდაგვარად დაკავშირებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებულ
განათლების სისტემასთან იმ მიზნით, რომ მომავალში ამ პატიმრებმა დაუბრკოლებლად შეძლონ
სწავლის გაგრძელება.
წესი 78.
ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ყველა დაწესებულებაში
პატიმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ დასვენებისა და კულტურული საქმიანობის
შესაძლებლობით.
წესი 79.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმარსა და მის ოჯახს შორის კავშირების
შენარჩუნებას და განმტკიცებას, რაც სასურველადაა მიჩნეული და ემსახურება ორივე მხარის
ინტერესებს.
წესი 80.
პატიმრობის დასაწყისიდანვე საჭიროა იმ მომავალზე ფიქრი, რომელიც ელის პატიმარს ციხიდან
გამოსვლის შემდეგ. ამიტომ მას უნდა გაეწიოს დახმარება იმ პირებთან და უწყებებთან
ურთიერთობების შენარჩუნებასა და გამყარებაში, რომლებიც ციხის გარეთ არიან და რომლებსაც
შეუძლიათ დაიცვან მისი ოჯახის ინტერესები და ხელი შეუწყონ მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ჩართვას გათავისუფლების შემდეგ.
წესი 81.
(1) სამთავრობო ან სხვა ორგანოებმა და დაწესებულებებმა, რომლებიც ეხმარებიან პატიმრებს
საზოგადოებაში ადგილის მოძებნაში, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ თუ ეს შესაძლებელია, ციხის
ფარგლებს გარეთ, ნორმალურ საზოგადოებაში, განთავისუფლებულ პატიმრებს ჰქონდეთ
შესაბამისი დოკუმენტები და შესაფერისი ტანსაცმელი და დანიშნულ ადგილამდე გამგზავრების
სახსრები.
(2) ასეთ დაწესებულებათა უფლებამოსილ წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ ციხის
დაწესებულებებთან და იქ განთავსებულ პატიმრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მათთან უნდა
მიმდინარეობდეს მუდმივი კონსულტაციები პატიმართა შემდგომი ცხოვრების საკითხებთან
დაკავშირებით პატიმრობის საწყისი პერიოდიდანვე.
(3) სასურველია, რომ ასეთი სახის დაწესებულებების სამუშაო იყოს შეძლებისდაგვარად
ცენტრალიზებული და კოორდინირებული, რათა მოხერხდეს მათი სამუშაოს მაქსიმალურად
ეფექტიანი გამოყენება.
ბ) სულიერად დაავადებული და ფსიქიკური დარღვევების მქონე პატიმრები
წესი 82.
(1) ციხეში არ უნდა იქნან მოთავსებულნი ის პირები, რომლებიც აღიარებულნი არიან სულიერად
დაავადებულებად, ამიტომ საჭიროა ზომების მიღება მათი სულიერად დაავადებულთა
დაწესებულებებში სასწრაფოდ გადასაყვანად.
(2) პატიმრები, რომლებიც სხვა სულიერი დაავადებებით არიან დაავადებულები, მოთავსებულ
უნდა იქნან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მათი მკურნალობა უნდა ხორციელდებოდეს
სპეციალურ დაწესებულებებში ექიმთა ხელმძღვანელობით.
(3) ამ კატეგორიის პატიმრები ციხეში ყოფნისას ექიმთა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ
უნდა იმყოფებოდნენ.
(4) სამედიცინო ან ფსიქიატრიულმა სამსახურებმა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებთან
ფუნქციონირებენ, უნდა უზრუნველყონ ყველა იმ პატიმრის ფსიქიატრიული მკურნალობა,
რომელიც ამას საჭიროებს.
წესი 83.
სასურველია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენტურ დაწესებულებებთან ერთად
მიღებულ იქნას ზომები გათავისუფლებულ პატიმართა ფსიქიატრიული მკურნალობისათვის,
ასევე, როგორც მათი სოციალურ-ფსიქიატრიული მეურვეობისთვის.
გ. წინასწარ გამოძიებაში მყოფ პატიმრებთან მოპყრობის ძირითადი პრინციპები
წესი 84.
(1) პირები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით არიან
დაკავებულნი და იმყოფებიან პატიმრობაში პოლიციის განყოფილებაში ან ციხეში, მაგრამ ჯერ არ
წარმსდგარან სასამართლოს წინაშე და მათი ბრალეულობა ჯერ არ დამტკიცებულა, ქვემოთ
მოცემულ წესებში მოიხსენიებიან, როგორც “წინასწარ გამოძიებაში მყოფი” პატიმრები.
(2) წინასწარ გამოძიებაში მყოფი პატიმრები უდანაშაულოდ ითვლებიან და მათ შესაბამისად უნდა
ეპყრობოდნენ.
(3) წინასწარ გამოძიებაში მყოფი პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ საკანონმდებლო
დებულებების დაცვის პირობებში, აღნიშნული კატეგორიის პატიმრების მიმართ გამოიყენება
სპეციალური რეჟიმი, რომლის ძირითადი დებულებები მოყვანილია ქვემოთ მოცემულ წესებში.
წესი 85.
(1) განსასჯელი პირები უნდა მოთავსდნენ იმ პატიმართაგან განცალკევებით, რომლებიც
ექვემდებარებიან სასამართლო განაჩენს.
(2) არასრულწლოვანი განსასჯელი პირები უნდა მოთავსდნენ სრულწლოვანთაგან განცალკევებით,
ამასთანავე, ისინი უნდა იმყოფებოდნენ განცალკევებულ დაწესებულებებში.
წესი 86.
განსასჯელ პირებს სძინავთ განცალკევებით მდებარე ოთახებში, ამასთანავე, გათვალისწინებულია
გარკვეული შეზღუდვები ადგილობრივი ჩვეულების საფუძველზე.
წესი 87.
როდესაც ეს არ არღვევს დაწესებულებაში მიღებულ წესრიგს, გამოძიებაში მყოფ პატიმრებს
შეიძლება დაერთოთ ნება, რომ სურვილის შემთხვევაში მიიღონ საკვები გარედან საკუთარი
დანახარჯებით – ციხის ადმინისტრაციის, ოჯახის წევრების ან მეგობრების მეშვეობით. სხვა
შემთხვევაში, პატიმრის კვებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.
წესი 88.
(1) გამოძიებაში მყოფ პატიმრებს უფლება აქვთ ატარონ სამოქალაქო ტანსაცმელი იმ პირობით, რომ
იგი სუფთად და შესაფერისად უნდა გამოიყურებოდეს.
(2) ხოლო თუ გამოძიებაში მყოფი პატიმრები ატარებენ ციხის უნიფორმას, ის უნდა
განსხვავდებოდეს მსჯავრდებულთა უნიფორმისაგან.
წესი 89.
განსასჯელ პირს ყოველთვის შესთავაზებენ მუშაობის შესაძლებლობას, მაგრამ ეს უკანასკნელი არ
წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნილებას. იმ შემთხვევაში, თუ კი განსასჯელი თავად აირჩევს
სამუშაოს, მას გაწეული მუშაობისათვის გადაუხდიან.
წესი 90
ყველა ბრალდებულ პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება საკუთარი სახსრებით ან მესამე პირების
მეშვეობით შეიძინოს წიგნები, გაზეთები, საწერი და სხვა ნივთები, რომლებიც მისცემენ მათ
დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალებას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს თავსებადია
სამართლის აღსრულების ინტერესებთან, უსაფრთხოებისა და დაწესებულებაში ნორმალური
ცხოვრების მოთხოვნებთან.
წესი 91.
ბრალდებულ პატიმრებს უფლება უნდა მიეცეთ, რათა ციხეში ყოფნის პერიოდში ისარგებლონ
საკუთარი ექიმის ან სტომატოლოგის მომსახურებით იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ასეთი
მოთხოვნა გამართლებულია და თუ მათ შეუძლიათ დაფარონ ამ მომსახურებასთან
დაკავშირებული ხარჯები.
წესი 92.
დაპატიმრებულ პირს უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინოს თავის
ოჯახს დაპატიმრების შესახებ. მას უნდა მიეცეს აგრეთვე ყველა საშუალება ოჯახთან და
მეგობრებთან ურთიერთობისათვის და მათი ვიზიტებისათვის, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს
ან შედგეს ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა სამართლის
აღსრულების, უსაფრთხოებისა და დაწესებულებაში წესრიგის შესარჩუნების ინტერესებიდან
გამომდინარე.
წესი 93.
წინასწარ პატიმრობაში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს მიიღოს თავისი
ადვოკატი დაცვის მომზადებისა და მისთვის კონფიდენციალური ინსტრუქციების მიცემის
მიზნით. ამისათვის, მისი სურვილის შემთხვევაში, მას უნდა მიეწოდოს საწერი მასალები.
ადვოკატსა და პატიმარს შორის საუბარი უნდა იმართებოდეს პოლიციელის ან ციხის
თანამშრომლის ზედამხედველობით, მაგრამ ამ უკანასკნელთ არ უნდა ესმოდეთ მათი საუბარი.
დ. პატიმრობა სამოქალაქო საქმეებისათვის
წესი 94.
იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლოს განკარგულების თანახმად, კანონით დაშვებულია პატიმრობის
მისჯა გადაუხდელი ვალის ან სხვა სამოქალაქო საქმის გამო, ამ წესით დაპატიმრებულ პირებს
იმაზე მკაცრი რეჟიმი არ უნდა დაუწესდეთ, ვიდრე ეს აუცილებელია საიმედო მეთვალყურეობისა
და სათანადო წესრიგის დაცვისათვის. ამ პირებისადმი მოპყრობა არ უნდა იყოს იმაზე უფრო
რბილი, ვიდრე ძიებაში მყოფი პატიმრებისადმი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი შრომა
შეიძლება სავალდებულო იყოს.
წესი 95.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-9 მუხლის დარღვევის გარეშე,
დაპატიმრებულ ან ბრალდების წაუყენებლად ციხეში მოთავსებულ პირებს ეკუთვნით იგივე სახის
დაცვა, როგორიც 84–ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებულ პირებს. (ა)განყოფილების II
ნაწილის შესაბამისი დებულებებით უნდა ვისარგებლოთ ასევე იმ შემთხვევებში, როცა მათი
გამოყენება სასარგებლო იქნება პატიმართა კონკრეტული განსაკუთრებული ჯგუფისათვის.
მიღებული ზომები უნდა გულისხმობდნენ გამოსწორების ან აღზრდის იმ მეთოდებს, რომლებიც
განსხვავდება სისხლის სამართლის რომელიმე დანაშაულის გამო გასამართლებულ პირთა მიმართ
გამოყენებული მეთოდებისაგან.

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *