Saturday, December 15, 2018
Home > ადვოკატის გვერდი > ილია ბარაბაძე: „დროა, პოლიტიკური პროცესები ახალი მიმართულებით წარიმართოს“

ილია ბარაბაძე: „დროა, პოლიტიკური პროცესები ახალი მიმართულებით წარიმართოს“

დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია “მესამე გზა”, რომელიც უკვე სახალხო მოძრაობად გადაიქცა და აქტიურად ერთვება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ამ ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ითანამშრომლებენ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე რადიკალურ და არარადიკალურ ოპოზიციასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ხალხთან, რომელიც მათი განცხადებით, ძალიან დაიღალა იმ ვითარებით, რომელიც საქართველოში ოცი წლის მანძილზე გრძელდება. ახლადშექმნილი სახალხო მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე მისი დამფუძნებელი ილია ბარაბაძე გვესაუბრება.ბატონო ილია, რატომ გადაწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციის სახალხო მოძრაობად ქცევა.

დღეს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა, რასაც ემატება რთული ურთიერთობა რუსეთთან, რამაც ბოლო ოცი წლის მანძილზე კულმინაციას მიაღწია. ის, რაც დღეს ჩვენს დედაქალაქში ხდება, იმ პოლიტიკური პარტიების სიმრავლის ბრალია, რომლებიც თავის მისიას ვერ ასრულებენ, ხალხის გაერთიანებას ვერ ახერხებენ. პირიქით, მათ დაშალეს და ერთმანეთს დაუპირისპირეს მოქალაქეები, რომლებიც ხან ხელისფულების, ხან ოპოზიციის მხარდამჭერებად გვევლინებიან. უფლება არ გვაქვს ყოველივე ამას შორიდან ვუყუროთ. ამიტომაც ვაფუძნებთ სახალხო მოძრაობა “მესამე გზას”.

რა იქნება მოძრაობის მთავარი პრიორიტეტები.

სახალხო მოძრაობა “მესამე გზის” მთავარი პრიორიტეტი ლუსტრაციის კანონის მიღება იქნება. ასევე, ჩვენი მიზანია, საარჩევნო კანონის მთლიანად შეცვლა, რათა გაყალბება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად უნდა ჩატარდეს. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მაჟორიტარული წესით უნდა იღებდნენ. ამომრჩევლებს, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კანდიდატის პარლამენტიდან გამოწვევის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი – პირველ რიგში. ამას მოსდევს თავისუფალი სასამართლოსა და მედიის, სწორი სოციალური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, განათლების რეფორმის მოთხოვნები.

როცა საარჩევნო კანონში ცვლილებებზე საუბრობთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიასთან ითანამშრომლებთ.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფში ჩვენი ერთი წარმომადგენელი მაინც ჩაერთოს, რათა უფრო კარგად იქნას დაცული ხალხის უფლებები და ინტერესები. როგორც ვიცი, ბატონ დემეტრაშვილს ჯერ კომისიის წევრთა სია შევსებული არა აქვს და ამიტომ აუცილებლად მივმართავთ წერილობით, რომ ჩვენი წარმომადგენელიც მოხვდეს ამ სიაში.

თქვენ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა. ამ იდეის განხორციელებას როგორ აპირებთ.

ჩვენი პროგრამის შესრულებას, რომელზეც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე, ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან დიალოგი ესაჭიროება, რათა შეიქმნას კოალიციური მთავრობა და არა ისეთი ერთპიროვნული, როგორიც დღესაა. კოალიციაში შევლენ ის პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ამჟამად არ ჩანან პოლიტიკურ ასპარეზზე. მათ გასაგონად ვამბობ, რომ მოქმედების დრო დადგა. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის აღდგენა-განვითარებაში.

კი მაგრამ ოპოზიცია. მათ ერთხელ უკვე თქვეს უარი კოალიციური მთავრობის შექმნაზე. ისინი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ და არც მხარდამჭერების რაოდენობას უჩივიან.

ვერ დაგეთანხმებით. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს, რომ ერთხელ მაინც უმტკივნეულოდ მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და თვითონ გადაწყვიტოს ვის აირჩევენ და ვის არა. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ერთად დგომა გვჭირდება. ერთად დგომა იმ საღად მოაზროვნე ხალხთან, რომლებიც არიან როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში. დღეს ხალხს აპირისპირებენ საეჭვო წარმოშობის ე. წ. პოლიტიკოსები, რომლებმაც საზღვარგარეთი მოიარეს და რაღაც კურსები დაამთავრეს. ისინი არიან არა პოლიტიკოსები, არამედ მოლაყბე ორატორები და არც ხალხის აზრს გამოხატავენ.

ხელისუფლება არ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, როგორც თქვენ მოითხოვთ.

სხვაგვარად ისინი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ იპოვნიან. ამიტომ მიგვაჩნია სწორად, ჩაბმული ვიყოთ პოლიტიკურ პროცესებში და თვალთახედვიდან არაფერი გამოგვრჩეს, ამჯერად მაინც მივიღოთ სწორი და სამართლებრივი შედეგი.

ესაუბრა ანა წიწილაშვილი

საქართველოს რესპუბლიკა

2009წ

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *